"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების საქმეზე ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს
დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში
გაასაჩივრებს.
დღეს სასამართლომ ჭიათურის პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელის სისხლის
სამართლის საქმეზე შემდეგი განაჩენი დაადგინა: მერაბ სარალიძეს და
გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ
გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და არ
ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეპიზოდს, რომლის გამოც დაკავებულებს
მსჯავრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის
დაედოთ, ადგილი ჰქონდა ჭიათურაში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის
ფარგლებში, რომელიც დღემდე გრძელდება. გასული წლის მარტიდან “ჯორჯიან
მანგანეზმა”, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა,
მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა
ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას
აღმოჩნდა. მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ
ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას
ითხოვდნენ.
სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი
და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს
დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი
ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის,
სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა,
რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო.
ჩვენ სააპელაციო სასამართლოს წარვუდგენთ პოზიციას და გავაგრძელებთ
მერაბ სარალიძის და, ზოგადად, მაღაროელების უფლებების დაცვას. ეს
საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს "ქართული ოცნების" პოლიტიკას, რომელიც
მშრომელთა სოციალური პროტესტის საპასუხოდ სისხლის სამართლის სისტემის
გამოყენებით ცდილობს წინააღმდეგობის დათრგუნვას",- აღნიშნულია
ორგანიზაციის განცხადებაში.
ფოტო: მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები