ახალი ამბები
საქართველოში ე.წ რეიდები დასრულდა - გახსნილია 192 დანაშაული
FaceBook
საპოლიციო კონტროლის შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23-26 მარტს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის დროს 192 სისხლის სამართლის დანაშაული გაიხსნა, ასევე გამოვნელინილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 ფაქტი.

შსს- მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, ე.წ. რეიდების დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.

შსს- ს ცნობით, გამოვლენილი და გახსნილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 60-ე მუხლი) 29 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ს262-ე მუხლი) 8 ფაქტი;

ძარცვის (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 77 ფაქტი;

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა:
8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.

ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი "სუბოქსინი", 45 აბი "კოდეინი", 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი "აქტიფედი", 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდები დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.

Print