ახალი ამბები
"შენობა ერთი შეხედვითაც კრიტიკულ მდგომარეობაშია"- ომბუდსმენი ქუთაისში არსებულ სოციალურ საცხოვრისზე
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში, სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების ფაქტობრივ მდგომარეობას აფასებს და ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში 2025 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეფუძნება და 12 მუნიციპალიტეტში მდებარე 18 სოციალური საცხოვრისის, მსგავსი დაწესებულებისა და თავშესაფრის შეფასებას მოიცავს.

ანგარიშის ფარგლებში დაწესებულებები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: უსაფრთხოება, ვარგისიანობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კლიმატური პირობებისგან დაცვა, საცხოვრებელი სივრცის საკმარისობა, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სერვისის მენეჯმენტი და ბენეფიციართა სამართლებრივი გარანტიები.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კვლავ არ არსებობს სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების მოწყობის ერთიანი სამართლებრივი და სტანდარტიზებული ჩარჩო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სათანადო საცხოვრებლის უფლების ეფექტიან რეალიზაციას.

მონიტორინგის შედეგად საცხოვრისების ნაწილში გამოიკვეთა არაერთი სერიოზული გამოწვევა. მათ შორის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, კლიმატური პირობებისგან დაუცველი საცხოვრებელი გარემო, საცხოვრებელი სივრცის სიმცირე, სერვისისა თუ მენეჯმენტის არარსებობა და სხვა.

"ფიზიკური უსაფრთხოების კომპონენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, მაგალითად,
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც რამდენიმე წელია
გამოიყენება საცხოვრისად შესაბამისი საჭიროების მქონე პირების მიერ. მართალია,
ოფიციალურად მას არ აქვს მინიჭებული სოციალური საცხოვრისის სტატუსი, თუმცა
წლებია ამგვარი ფუნქცია აქვს შეთავსებული. საცხოვრებლის ფიზიკური
მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ დაწესებულება არ შეიძლება ჩაითვალოს
ე.წ. ჭერის მქონედ. შენობის გარკვეული ნაწილი მთლინად ჩამოშლილია, მარჯვენა
ფლიგელს პრაქტიკულად არ აქვს კედლები და ფანჯრები. ჭერი დაზიანებულია ან
პრაქტიკულად არც არსებობს, ოთახებში არსებობს სამშენებლო მასალების
ჩამოვარდნის საშიშროება. შენობა ერთი შეხედვითაც კრიტიკულ მდგომარეობაშია და
მასში ყოფნა ნებისმიერ დროს სიცოცხლისთვის სახიფათოა.



ქუთაისში, ნიკეას N40-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს ყოფილი
ავტომატური სატელეფონო სადგურის ხუთსართულიან შენობას. შენობის საერთო
მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და კრიტიკულია. მაცხოვრებლებმა
განმარტეს, რომ შენობა ავარიულია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის მოწოდებული ინფორმაცია ავარიულობის სტატუსზე
ინფორმაციას არ შეიცავს. შენობაში რამდენიმე ადგილას ჭერი დაზიანებულია და
მაცხოვრებელთა განმარტებით, ყოფილა მისი ჩამონგრევის შემთხვევები. ამასთან,
მაცხოვრებელთა განმარტებით, დაფიქსირებულთა ხანძრის შემთხვევებიც. შენობაში
არ არის მოწყობილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა",- წერია ანგარიშში.



აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, ანგარიშში წარმოდგენილია დადებითი მაგალითებიც, სადაც სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების პირობები ძირითადად შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.

Print