ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 3 თვით
გადავადდა.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის
თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3
თვით გადავადება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა
ითხოვეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო
საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა
კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის
გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3
თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არ არის დაზუსტებული
ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი
გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავადგინოთ
დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები
შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის
სექტორში",- განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დავით ნარმანიას თქმით, მისი ტარიფი, ერთი
წლით, უცვლელი რჩება.
„ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი
კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული
ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი
უცვლელი რჩება, ერთი წლის ვადით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები