დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი
შეჩერებულია.
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ის პირები, ვისაც დღეს
უწევდათ გამოცდაზე გასვლა, ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით.
კერძოდ, ის პირები, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ
30 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლის უფლებით სარგებლობას 2026 წლის
6 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ;
"ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რეგისტრირებული
კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება, გადახდილი თანხა
სრულად შეუნარჩუნდებათ და გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 2026 წლის 10
იანვრის ჩათვლით პერიოდში.
კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური
ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ",- განმარტავენ მომსახურების
სააგენტოში.
თოვლმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და
ზვავსაშიშროება, დასავლეთ საქართველოში 2 იანვრამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები