ქუთაისში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებში"
(რომელიც უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზეა
პასუხისმგებელი) ამბობენ, რომ მუშაობის საგანგებო
რეჟიმზე გადავიდნენ.
როგორც "ქუთაისიპოსტთან" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ განმარტა, მობილიზებულია
რამდენიმე ერთეული თოვლმწმენდი სპეციალური ტექნიკა და გზების
გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, გადაადგილება, ქალაქის მასშტაბით,
დაუბრკოლებლად ხდება.
"გასულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა ქალაქის სხვადასხვა
ლოკაციაზე. ძირითადად ყურადღება გვაქვს გადატანილი ისეთ ლოკაციებზე,
რომელიც რელიეფურად უფრო რთული მისადგომია. ყველა საჭირო რესურსი
გაგვაჩნია, მათ შორის ტექნიკური მარილი, ასევე ტექნიკური ბაზა და
დილიდან ვმუშაობთ.
ამ წუთას, არ გვიფიქსირდება ისეთი სიტუაცია, სადაც მდგომარეობა
საფრთხის შემცველია ან გადაადგილება ვერ ხერხდებოდეს. როგორც
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 5 დღე იქნება ინტენსიური თოვა,
შესაბამისად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული",- განაცხადა
გიორგი მჟავანაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს, სანაპირო
რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ელჭექთან ერთად,
შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა,
ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
მასალის გამოყენების პირობები