ახალი ამბები
დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში რჩებიან - მორიგი სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა
FaceBook
ჭიათურაში, პროტესტისას დაკავებულების სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გადაიდო.

24 დეკემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა.

დაკავებულების ადვოკატთა გამოსვლები ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც, სასამართლოს პატიმრების პოზიციებიც უნდა მოესმინა, თუმცა, მოსამართლე თამარ მზანაშვილმა, ამ ნაწილისთვის, მორიგი სხდომა 29 დეკემბერს ჩანიშნა.

დამატებითი რეპლიკების დასამუშავებლად დრო მიეცა პროკურატურის მხარესაც.

"გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ ყველანაირი მტკიცებულება, ფაქტები დადო არა მხოლოდ იმის, რომ ეს ბიჭები უსამართლოდ არიან პატიმრობაში, ასევე ხაზგასმით მიუთითა პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეებზე, მათი ჩვენებების შეუთავსებლობაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსზე, რაღაც მომენტში განცდაც კი შემექმნა, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა, გადახედავდა არსებულ მდგომარეობას და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას. შეეძლო, გამოეშვა ბიჭები დღეს და თავიანთ ოჯახებთან ერთად შეხვედროდნენ ისინი ახალ წელს, შობას, მაგრამ ამის საპირისპიროდ, თითქოს ეს ბიჭები მიიმალებიან და განმეორებით ჩაიდენენ დანაშაულს,  პატიმრობაში დატოვა.

გადაიდო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს. ასევე ჩანიშნულია 14 იანვარს და ალბათ, ამ დღეს, ძველით ახალ წელს, გამოცხადდება საბოლოო განაჩენი",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 29 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავება - ჭუმბურიძეს და გველესიანს 4-დან 6 წლამდე, ხოლო სარალიძეს და ნეფარიძეს, თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Print