ახალი ამბები
"ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ფასების შემცირებას მივაღწიოთ",
FaceBook
"აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ",

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. 

ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.

მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთში, ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებში, ფასების შედარებამ აჩვენა, რომ საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.

კობახიძის განმარტებით, ფასებს შორის ასეთი სხვაობა გამოწვეულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2%-ია. მისივე თქმით, აღნიშნული განსხვავება მით უფრო თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები: მათ შორის, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადები, გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება გახდეს შესაძლებელი.

ამასთან, მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეისწავლონ ბაზარზე არსებული პრაქტიკა და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე პარლამენტს მიმართა თხოვნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.


Print