ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა
FaceBook

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.



"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ქუთაისში, ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს გაეცნო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

პროექტით, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, გათვალისწინებულია მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების, სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

ქუთაისის სპორტის სასახლე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს.



პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებაც.

მთავრობის დაპირებით, პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს.

ქუთაისის პარკში, ასევე, უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები.

ირაკლი კობახიძე, ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაეცნო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს.

პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.

 

Print