მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით,
სახელმწიფომ მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ,აზომა 2 094 707 მიწის
ნაკვეთი, ჯამური ფართობით 1 101 570 ჰა; მიწის მესაკუთრე საქართველოს
1 469 581 მოქალაქე გახდა;
ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო
სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე
მეტია.
"მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს
იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და
ვებპორტალზე slr.napr.gov.ge აქვთ წარმოდგენილი, ან რეფორმის
დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს სისტემური
რეგისტრაციის რეფორმის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და
კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულმა პირებმა ობიექტური მიზეზების გამო
2022- 2025 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის
რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწის
ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით
(მიმართვის საფუძველზე) წარადგინონ",- აღნიშნულია საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციაა, როცა სახელმწიფო
თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას [ყოველგვარი საფასურის გარეშე],
ხოლო სპორადული რეგისტრაციისას მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო
რეესტრს.
სპორადული რეგისტრაციისთვის სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის
რეფორმას მთელი ქვეყნის, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მასშტაბით
59 მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები