ახალი ამბები
"ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლითაც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები"- ეკონომიკის მინისტრი
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შენობა-ნაგებობების იერსახის რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილოს განცხადებით, რეგულაციის შემუშავებისას იხელმძღვანელეს ევროპული სტანდარტებით, შესაბამისად, დეტალურად აქვთ შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა.

მისივე თქმით, რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად, მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის ჰქონდეთ დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ.

"ფართო სურათში, საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის, განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაწესდება ესთეტიკური მახასიათებლების ზოგადი სახელმძღვანელო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სათანადო არქიტექტურული იდეის რეალიზება. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს ჰარმონიზებული თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებთან და არსებულ გარემოსთან, იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკურად მიმზიდველი განაშენიანების იერსახე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების მიზანი ქვეყნის მასშტაბით, მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად.
Print