ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა.

ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენეცია–ქუთაისი–ვენეციის მიმართულებით რეისებს კვირაში ორი სიხშირით: სამშაბათსა და შაბათს, Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა.

„ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს.

მიმდინარე წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა.
Print