ახალი ამბები
"ოცნების" მორიგი დაპირება - მთავრობა ქუთაისში თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლება, განათლების რეფორმის ფარგლებში, ქუთაისსა და რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას გეგმავს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

"მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

სამინისტროს ცნობითვე, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.

მთავრობის დაპირებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.


Print