ახალი ამბები
პირი, რომელმაც ქუთაისში ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, დაკავებულია
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 47 წლის მამაკაცი დააკავეს. 


მას ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი  გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ერთი მოკლული და ორი დაჭრილი - ქუთაისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
Print