პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა
ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე
საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში.
როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას,
განმარტა, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას
მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი
განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი
განვითარებისა და, მათ შორის, დემოგრაფიული პრობლემების
აღმოფხვრისათვის.
"დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს თბილისში, რაც
იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ
პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები.
ძირითადად, ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს.
ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით
მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა,
ეს არის დედაქალაქი – თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით
მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით",- განაცხადა
კობახიძემ.
მისივე თქმით, ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი,
თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
"ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები
ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები
და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის
მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად
შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა.
ვფიქრობთ, სადღაც 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი
და დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში,
ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები