პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის
წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო.
მისი განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ
შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება
და არა მხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ "მსხვილი ინვესტიციებიც იდება
ამაში, ძირითადად, ეს არის გამოხატული მასშტაბურ საგადასახადო და სხვა
შეღავათებში".
კობახიძის თქმით, რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები,
საწარმოები ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას.
„რეალურად, დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და, საბოლოო ჯამში,
სწორედ, სახელმწიფოს მხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამისი სამუშაო
ადგილების შენარჩუნება. მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ
მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების
მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები,“- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
კითხვაზე, რომელიც დაკავებულ მაღაროელებს შეეხებოდა, კობახიძემ
აღნიშნა, რომ კრიმინალი დაუსჯელი ვერ დარჩება.
„ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ
შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: როდესაც ადამიანები
ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ, არა მარტო
სამართალდამცავებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ
საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, იქ, რა თქმა უნდა,
სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ
დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი უკვე შვიდი თვეა,
პატიმრობაშია. მათ ბრალი შუქრუთის მაღაროს დირექტორზე
თავდასხმაში ედებათ. მაღაროელების განმარტებით, ბრალდებულთა ნაწილი
ინციდენტის დროს ადგილზეც კი არ იმყოფებოდა.
ამასთან, ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან
2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო ამ 2000-დან 1050 დღესაც
სამსახურში აღდგენის მოლოდინშია.
მასალის გამოყენების პირობები