"დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა
გადაიდგას, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას",-
ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განაცხადა.
კობახიძემ მაგალითისთვის ქუთაისი მოიყვანა და განაცხადა, რომ
ქალაქიდან ბევრი ადამიანი გაედინება.ამიტომ, მისი თქმით, ქუთაისს
ახალი ფუნქცია უნდა შევსძინოთ.
"რომ ავიღოთ ქუთაისი, რომელიც ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი
საბჭოთა პერიოდში, იცით, რომ ქალაქმა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია
დაკარგა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამას მოჰყვა
სერიოზული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ძალიან დიდი მიგრაცია.
მიგრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც
მიგრაცია მეტია, ვიდრე დაბრუნების მაჩვენებელი. თანდათანობით
კლებულობს ქუთაისის მოსახლეობა.
ჩვენ ვფიქრობთ, ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია.
საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის გარდაქმნა, არის ერთ-ერთი საუკეთესო
გამოსავალი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია
დეკონცენტრაციაზე, აქ მთავარი მიზანი არის ქვეყნის თანაბარი და
რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და არა იმდენად
განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქუთაისიდან თბილისში
გადაიტანეს საქართველოს პარლამენტი, კონტროლის პალატა, სემეკი, საგზაო
დეპარტამენტი და მთავრობის სახლი. ამ უწყებებს ქალაქში ახალი სიცოცხლე
და სამუშაო ადგილები უნდა გაეჩინა.
სულ ახლახანს დედაქალაქში გადაიტანეს ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც, რომელიც ქუთაისში, 20 წელი
ფუნქიონირებდა.
იმის გამო, რომ ქუთაისი უფუნქციოდ დატოვეს, უიმედობას და სიღარიბეს
ყოფილი საპარლამენტო ქალაქიდან წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი
გაექცა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23
300-მა ადამიანმა დატოვა, ხოლო 30 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 106
600-ს შეადგენს. დღეს ქუთაისის მოსახლეობა 123 700-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები