ახალი ამბები
მგფ-ი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას იწყებს
FaceBook

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.



შესაბამისად, როგორც ბიბლიოთეკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, წინასარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით (წიგნადი ფონდის ჩალაგება, გადატანა), ბიბლიოთეკა ვეღარ შეძლებს მკითხველთა მომსახურებას.

"შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო ბიბლიოთეკის საქალაქო ფილიალებს:
№4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი- დ. აღმაშენებლის გამზ №5;
№8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი- დ. აღმაშენებლის გამზ №24;
ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლი- სინაურის ქუჩა №40;
საბავშვო ლიტერატურის განყოფილება, ამერიკული კუთხე- ნოდარ დუმბაძის ქუჩა №2ა;
№8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ახალგაზრდობის გამზ №100ა;
№17 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №15;
№13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, თაბუკაშვილის ქუჩა №197;
№14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ნიკეას ქუჩა №64;
№18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ბუხაიძის ქუჩა, II შესახვევი №3;
№20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა №8;
№22 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ლადო ავალიანის ქუჩა №16 ( გუმათის დასახლება);
№25 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ახალგაზრდობის V შეს. №15",- აღნიშნულია ბიბლიოთეკის განცხადებაში.

ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა წლებია, ამორტიზებულია. შენობის კედლები დაბზარულია, ჭერი კი - ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც შენობაში გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

ბიბლიოთეკისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ შენობის რეკონსტრუქციის საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ დასკვნაში ეწერა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა. განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.

ბოლოს, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ხელისუფლებას 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა. ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანიც ამბობდა, რომ ბიბლიოთეკას მდგრადობაზე 2023 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, დასაშვებად გამოცხადდა ობიექტის კაპიტალური რემონტი. ის აცხადებდა, რომ ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბიბლიოთეკის რესტავრაცია.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ.მ.–ს შეადგენს

ამავე თემაზე:

10-წლიანი დაპირების შემდეგ, "ოცნება" ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრაციას იწყებს

მუშაობა ბიბლიოთეკის ნგრევად შენობაში - ათი წელი რეკონსტრუქციის მოლოდინში

ქუთაისის მერიაში დღემდე არ იციან როდის დაიწყება 8 წლის წინ დაგეგმილი ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია

Print