2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახური ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღეს
გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის
სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ
ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას, სტრუქტურული
ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან
მართვას.
“ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს
თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების
შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო
მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ
კონსტიტუციურ ორგანოს.
ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო
გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს.
იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახური. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც
დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ
თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი
ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა
ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე
უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას
უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის
სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ
ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას - წლიურად დაახლოებით
20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო
პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას”,- განაცხადა შალვა
აპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები