ონლაინ გამოცემების "ნეტგაზეთისა" და
ბათუმელების" თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის
განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს, 14 ნოემბერს, 14:00
საათზე განახლდება.
ჟურნალისტის ადვოკატები 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო
სასამართლოში, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს
ასაჩივრებენ, რომლითაც ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი
გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს
პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე
პატიმრობა შეეფარდოს.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს – მომხსენებელი მოსამართლე
ნიკოლოზ მარგველაშვილია, კოლეგიის წევრები კი ნანა ჯოხაძე და მარინა
სირაძე არიან.
მზია ამაღლობელის პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში
11 ნოემბერს გაიმართა.
სხდომა 24-ადგილიან მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლო
პროცესზე მისული ადამიანების უმეტესობა გარეთ დარჩა. ამასთან, არც
მედიის წარმომადგენლებს და არც სხვა პირებს სასამართლოს ეზოშიც კი არ
მიეცათ შესვლის უფლება.
ჟურნალისტის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6
აგვისტოს გამოტანილ განაჩენი გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც
ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჟურნალისტი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების
გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს
დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში
ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის
შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს
ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც
ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა
მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი
გადააკვალიფიცირა.
მასალის გამოყენების პირობები