ახალი ამბები
ქუთაისის სკოლასა და საბავშვო ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ქუთაისიპოსტთან" სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიკა ჭოხონელიძე განმარტავს, მაშინვე მიიღეს პირველადი ზომები და შეწამლეს ყველა საკლასო ოთახი.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ვაცნობეთ რესურსცენტრს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, მათი რეკომენდაციით, შეიწამლა და დასუფთავდა ყველა სასკოლო ოთახი. სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. არის მშობელთა კატეგორია, რომელსაც ეშინია და არ უშვებს ბავშვებს, თუმცა პირველადი ზომები ჩვენ რაც უნდა მიგვეღო, მიღებული გვაქვს და სასწავლო პროცესი ამ წუთშიც მიმდინარეობს",- განმარტავს ლიკა ჭოხონელიძე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, მუნის შემთხვევა ასევე დაფიქსირდა ქუთაისის 32-ე და 37-ე სკოლაშიც.

მუნის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისის საბავშვო ბაღშიც. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღში მხოლოდ ერთი დღით იყო შეჩერებული.

"დაახლოებით, ერთი კვირის წინ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა ერთ-ერთ ბაღში, შევწამლეთ და ერთი დღით შევაჩერეთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი",- ამბობს დავით წიტაიშვილი.

მუნი, ასევე ცნობილი, როგორც ბღერი, არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა — Sarcoptes scabiei. ადამიანს ძლიერი ქავილი უჩნდება იმ ადგილებში, სადაც ტკიპა კანში შედის. 

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირად ჰიგიენას, თავიდან აიცილონ ახლო კონტაქტი დაავადებულ პირებთან და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.
Print