ახალი ამბები
"სკოლის მოსწავლეებში ტუბერკულოზის შემთხვევებმა მოიმატა"
FaceBook
2015 წლის მონაცემებით საქართველოში ტუბერკულოზის 3 609 შემთხვევა დაფიქსირდა. ტუბერკულოზი ინფექციური, ჰაერის გზით გადამდები დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დაავადების პიკი ყველაზე აქტიურ 24 - 55 ასაკს შორის ფიქსირდება.

"რაც შეეხება სქესთა განაწილებას, ტუბერკულოზით მამაკაცების 69% ავადდებიან, ხოლო ქალების - 29%. მსგავსი სხვაობა არ არის ბავშვთა ასაკში" - განმარტავენ ორგანიზაციაში.

რეგიონების მიხედვით განაწილებას რაც შეეხება, ტუბერკულოზის შედარებით მაღალი შემთხვევები აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში შეიმჩნევა.

2015 წლის მონაცემებით, ტუბერკულოზის შედეგად გარდაცვალების ფაქტი 3-4%-ია.

რაც შეეხება ტუბერკულოზის გავრცელების გზებს, ის ვრცელდება, როცა გადამდები ფორმით დაავადებული პირი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს.
ტუბერკულოზი არ ვრცელდება საკვები პროდუქტებითა და დაავადებულის პირად ნივთებთან შეხებით.

ტუბერკულოზის გავრცელების რისკი იზრდება ხალხმრავალ ადგილებსა და გაუნიავებელ შენობებში, სადაც ფილტვის ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პირი იმყოფება.

ფილტვის ტუბერკულოზის ძირითადი ნიშნებია: ხველა, უპირატესად ნახველით, სხეულის ტემპერატურის მატება, წონაში კლება, ღამის ოფლიანობა. სპეციალისტების თქმით, ჩამოთვლილი სიმპტომების 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.

" სკოლის მოსწავლეებში ტუბერკულოზის შემთხვევებმა მოიმატა. ამიტომ, მკურნალობის დროულად დაწყება და მისი ბოლომდე მიყვანა განკურნების აუცილებელი გზაა. დაინფიცირებულთათვის მოქმედებს უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია როგორც დიაგნოსტირება, ასევე, მკურნალობა" - აცხადებს ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დირექტორი, მაია ნადარეიშვილი.

მსოფლიოში ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 9 ნილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე - კვდება.

სტრატეგია "END TB-ის თანახმად, 2015 წლიდან 2035 წლამდე ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობა 90%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო სიკვდილიანობა - 95%-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 1984 წლიდან ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს ყოველი წლის 24 მარტს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით  ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ტუბერკულოზთან დაკავშირებით გავრცელებული სტიგმების ნგრევა იყო.

Print