ახალი ამბები
ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის მოწყობას გეგმავს.

აღნიშნულის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, რიონის სანაპიროზე დაგეგმილია შეიქმნას მრავალფუნქციური პარკი, რომელიც რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, ასევე, მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, შადრევნები, სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.

"პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას.

სარეკრეაციო სივრცის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას",- აცხადებენ მგფ-ში.

მათივე ინფორმაციით, არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც დეტალური პროექტი მომზადდება და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
Print