"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და
სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი
უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ
გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.
გველესიანი, 3 მაღაროელთან ერთად, უკვე ექვსი თვეა, ციხეში იმყოფება.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში შეეძინა მეორე შვილი, ამიტომ ის წერილს,
საკუთარ შვილთან მობოდიშებით იწყებს.
"ეს ბოდიში ეკუთვნის იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მე დამნაშავე
ვარ, დამნაშავე ვარ იმიტომ, რომ არ ვიყავი მის გვერდით, როდესაც ამ
ქვეყანას მოევლინა და ამისთვის ბოდიში, ლიტა. თუმცა პირობას გაძლევ,
აუცილებლად ყველაფერს მოგიყვები და აუცილებლად გამოვასწორებ. მჯერა,
რომ მაპატიებ",- წერს წერილში, რომელიც გამოქვეყნდება მოძრაობა
“სოციალური დემოკრატიისთვის” გაზეთის ნოემბრის ნომერში.
როგორც მაღაროელი აღნიშნავს, ყოველთვის ცდილობდა, გვერდში დადგომოდა
იმ ადამიანებს, რომელთაც ხმა აიმაღლეს უსამართლობაზე. მისი თქმით, ამ
კონკრეტულ შემთხვევაშიც იდგა მისი თანამოქალაქეების, მეგობრების და
უპირველესად, მშრომელი ადამიანების უფლებების დასაცავად. ამიტომ თავს
პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაკავებულად მიიჩნევს.
"მედავებიან ადამიანის ცემას, რომელიც ნანახიც კი არ მყავს.
შესაბამისად, რაღაც პირადი ინტერესებიც კი ვერ მექნებოდა
„დაზარალებულის“ მიმართ, რადგან „დაზარალებულს“ არ ვიცნობ და რაც არ
უნდა უცნაური იყოს, ყოველივე ამ ფაქტს ვიგებ ტელევიზიიდან,
კონკრეტულად „TV იმედი“-დან. თუმცა, აქაც რაღაც კომიკური ფაქტი
დაფიქსირდა: პირველად მოწოდებულ ინფორმაციაში ეწერა აქციის სხვა
მონაწილე პიროვნებების სახელი და გვარები, თუმცა, მალევე გაიგეს, რომ
ის პიროვნებები თბილისში იმყოფებოდნენ და ამიტომ ისინი ამოიღეს
ბრალდებულთა სიიდან და ორი სხვა პიროვნებით ჩაგვანაცვლეს, რომლებიც
ახლოსაც კი არ ვყოფილვართ ამ ინციდენტის შემთხვევის ადგილზე",-
აღნიშნულია წერილში.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ დაიჭერდნენ, თენგიზ გველესიანი
პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, კი.
"მათი მხრიდან უამრავი პროვოკაციული ფაქტი იყო, რომლებიც პირდაპირ
მიმართული იყო იმისკენ, რომ, საბოლოოდ, აქ მოვხვედრილიყავით. ამ
ყველაფერს ისე ვუმკლავდებოდით, სხვა რომ ვერაფერი მოიმოქმედეს, „კაცის
ცემა ჩაგვიდეს“ (იცინის). ესეც მათ უსუსურობას უსვამს ხაზს და კიდევ
ერთხელ გვანახებენ თავიანთ სახეს, თუმცა მათ ხელშია ძალაუფლება და
ამით ბოროტად სარგებლობენ და, საბოლოოდ, თავიანთ „გაცვეთილ ოინს“
მიმართეს",- ამბობს ის.
მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც მაღაროელები ითხოვდნენ, პროცესებში
სახელმწიფოს ჩაერთულობა იყო, თუმცა ამაზე პროპაგანდა იყო ის, რომ
მშრომელებს ვიღაც მართავდა, თუმცა ვისგან იმართებოდნენ ან როგორ,
პასუხი არ ჰქონდათ.
"არ იმჩნევდნენ და არ აღიარებდნენ, რომ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს
აკვირდებოდნენ და გვისმენდნენ. ვფიქრობ, ამ ინტერვიუსაც გაეცნობიან და
მინდა მივმართო მათ: მართლები იყავით, „ვიმართებოდით“, მაგრამ არა
იქედან, თქვენი ფიქრები და აზროვნება რომ ვერ ცდება, არამედ
ვიმართებოდით ჩვენი ოჯახებიდან, მშობლებიდან, რომლებმაც გაგვზარდეს,
გვასწავლეს ჩვენი ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის სიყვარული. მათ არ
უსწავლებიათ, ზურგი გვექცია გაჭირვებაში მყოფი მეგობრებისთვის,
მიგვეტოვებინა და დავმალულიყავით. ამიტომაც, თქვენ ჩვენ ვერასდროს
დაგვამარცხებთ. შეიძლება ბრძოლა სადღაც დავთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს
უბრალოდ გვიადვილებს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ ცოტა მეტი ღირსეული
ხერხებით გირჩევთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ბოლოს ჩვენი
ამოსაყვანი იქნებით მაგ ფსკერიდან, საითაც თქვენ დიდი სისწრაფით
მიექანებით",- წერს თენგიზ გველესიანი.
ის დარწმუნებულია, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს
და დრო ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
"უცნაური იქნება, რასაც ეხლა ვიტყვი, მაგრამ ესეა და ამიტომაც ვამბობ:
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც რომ წვლილი შეიტანა
ჩემს აქ გამოკეტვაში. მათ კიდევ უფრო კარგად დაგვანახეს იმ
პიროვნებების ნამდვილი სახე, ვინც ვითომ „ჩვენს გვერდით“ იდგა და
„იბრძოდა“ ჩვენთან ერთად. ამ დიდმა უსამართლობამ კიდევ უფრო მეტად
დამამეგობრა ღმერთთან, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნეს, რომ ეს გზა
სწორია და აქ მხოლოდ სიმართლე გაიმარჯვებს. არც საქართველო და არც
ჭიათურა არ შექმნილა და არ იწყება ჩვენით და მით უმეტეს, არც იმ
ადამიანებით, ვინც აქ ესე უსამართლოდ გამომკეტა. თუმცა, დრო ყველას
დაარქმევს თავის სახელს, თუ უკვე არ დაარქვა",- ამბობს თენგიზ
გველესიანი.
ის წერილის ბოლოს თავის თანამებრძოლებს მიმართავს:
"ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვიდექი, როდესაც თავისუფლებაზე ვიყავი,
როდესაც ამ დიდ უსამართლობას დავუპირისპირდით. ეს იყო და არის
ერთადერთი სწორი გზა და ფორმა, რაც კი ჩვენს ხელთ არსებობს. ჩვენ
ვერავის მოვთხოვთ გმირობას, ვერც დავავალებთ ამას. ჩვენ შეგვიძლია
სარკე ვიყოთ და თავიანთი თავი დავანახოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ
საერთო ბრძოლას ზურგი აქცია. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რატომ, რის
გამო მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ისევ და ისევ ჩვენი ვალია,
მათ სწორი მხარე ვაჩვენოთ, არ გავწიროთ იმ უფსკრულისკენ მიმავალ
გზაზე, საითაც ის ბოროტი ძალები მიექანებიან. მაგრამ ღმერთი არ
გაწირავს კაცსა შენგან (ჩვენგან) განაწირსა… მე რუსთველის ქვეყნიდან
ვარ!!! სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა!!!",- წერია
წერილში.
მაღაროელები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და
თენგო გველესიანი, 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. შსს-ს
ინფორმაციით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ფოტო: მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები