ახალი ამბები
ვის ეხება ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების ვალდებულება
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც 1 ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

"დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას)",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა.

"შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Print