ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა
კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების
რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი
მიიღებს იმ სტატუსს, რაც მის საგანმანათლებლო ტრადიციებს
შეეფერება.
შალვა კირთაძე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ერთად
შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმის
კონცეფცია განიხილა.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კონცეფცია, რაც არის
საჭირო და ნამდვილად აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს, პირველ რიგში,
გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და უფრო
მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი და ესეც გამოჩნდა ამ
შეხვედრის შედეგად.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იღებს იმ სტატუსს, რაც
მის ტრადიციას, მის წარსულს და მის მომავალსაც შეშვენის. ეს არის არა
მარტო ქუთაისისთვის, არამედ რეგიონისთვის განსაკუთრებული სიცოცხლის
მიმცემი. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, რადგან ქუთაისი ოდითგანვე იყო
განათლების კერა და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა შალვა კირთაძემ
პირველ არხთან.
ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს, განათლების სისტემის რეფორმის
კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ერთად
განიხილა. მისი ინფორმაციით, ისაუბრეს კონცეფციის იმ მიმართულებებზე,
რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს
მიზნად.
"საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების
გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას
და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას. რექტორებისა და
პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინება
არის მნიშვნელოვანი რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის, ამიტომ
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
განხილვების შედეგად განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს
მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.
 
			 
			
მასალის გამოყენების პირობები