დღეს, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8
მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართება.
სხდომას ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი
გახსნის და შემდეგ საკრებულოს უხუცესი წევრი მარეხი ნიჟარაძე
გაუძღვება.
დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ
თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების
თავმჯდომარეებს. ასევე, დარეგისტრირდება საკრებულოს ფრაქციები და
დამტკიცდება საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები. ცნობილი გახდება საკრებულოს კომისიების პერსონალური
შემადგენლობა.
ქუთაისის საკრებულოს რიგითი სხდომები ბოლო ორი თვე, კვორუმის
არარსებობის გამო, არ ჩატარებულა.
რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, "ოცნების" დეპუტატებიდან კი
ისინი, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, მომდევნო მოწვევის
საკრებულოს სიაში არ ჩასვეს, სხდომაზე არ ცხადდებოდნენ, საკრებულოს
სხდომა ვერ იმართებოდა.
ქუთაისის საკრებულოს 25 ახლადარჩეული წევრიდან
22 მანდატი ქართულ ოცნებას, დანარჩენი სამი კი, ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება
(გირჩი, ლელო და გახარია).
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი
გამოუცხადა.
საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს
ირჩევდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818
შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები