ახალი ამბები
ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის
FaceBook
30 ოქტომბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.

კანონმდებლობის შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ქუთაისის 59-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის. სხდომას, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი მარეხი ნიჟარაძე გაუძღვება.

პირველ სხდომაზე აირჩევენ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს. ასევე, დარეგისტრირდება საკრებულოს ფრაქციები და დამტკიცდება საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ცნობილი გახდება საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა.

30 ოქტომბრიდან, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, ძველ მოწვევას უფლებამოსილება უწყდება.

2025 წლის 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისში, საკრებულოს წევრის მანდატი 25-მა კანდიდატმა მიიღო. აქედან, 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას", თითო-თითო დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.

Print