ახალი ამბები
ქუთაისში სლოვაკეთის საკონსულო გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში, სლოვაკეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, რომელიც მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს არის გამოცემული.

დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ქუთაისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება.

საკონსულო ოლქი მოიცავს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.




აღსანიშნავია, რომ განკარგულების გამოცემამდე ორი დღით ადრე, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს.
Print