ახალი ამბები
"ყოფილი პრემიერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მაღაროელებს 9 წლით უშვებენ ციხეში"
FaceBook

უკვე 8 თვეა, რაც ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს ხელისუფლება უგულებელყოფს.


ამ დროის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლებიდან მშრომელებთან მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ ჩამოსულა და მათი პრობლემებით პირადად არ დაინტერესებულა.

არ ინტერესდება არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელმაც, 26 ოქტომბერს, "ჭიათურობის" ღონისძიებაზე, იმის გამო, რომ ქალაქის ხედი ცენტრში გაშლილი საპროტესტო კარვით არ დამახინჯებულიყო, როგორც მშრომელები ამბობენ, კარავს სახანძროს და ჯარის მანქანები ჩამოაფარა. ამის ფონზე კი, მაღაროელების თქმით, ცერემონიით დაატარებდნენ ქუჩაში "საქნახშირის" დირექტორს მიხეილ სოცკის.

"რვა თვეა, ქუჩაში ვართ, რვა თვეა, უხელფასოდ ვართ, დღეს თურმე სოცკის ემღერება და ეცეკვება ჭიათურობაზე, კარგი განწყობით არის, რატომ არ იქნება, კომფორტულადაა გადაწოლილი თავის სავარძელში და ღიად და საჯაროდ, ჩვენს შეხვედრებში, თამამად გვეუბნება: გვეკუთვნის, მაგრამ არ გაძლევეთო. რატომ გახდა ეს ადამიანი ჭიათურაში პოპულარული, რატომ უნდა აღნიშნოს მან ჭიათურობა, რა აქვს გაკეთებული ჭიათურისთვის? ბევრი კითხვები გვაქვს, მაგრამ ძველ ხალხს ნათქვამი აქვს: სამართალი ურმით დადისო. ყველას მოგაკითხავთ ეს ურემი და თქვენს რეალურ სახეებს დავინახავთ. ვნახეთ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც 7 მილიონი ჰქონდა გაფლანგული, თუმცა ერთი მილიონი ლარის (გირაოს) სანაცვლოდ გაათავისუფლეს. და ის მშრომელები, რომლებიც ვერც სახელმწიფოს, ვერც ქალაქს, ვერაფერს დაუშავებნენ, თავჩახრილი, ზრდილობიანად, წლების განმავლობაში, ემსახურებოდნენ მაღაროს, ქვეყანას, ქმნდიდნენ დოვლათს, უკანონობის, დაჩაგვრის გამო, დღეს ციხეში არიან, რადგან ჩვენს მხარეს არანაირი ძალაუფლება არ არის",- ამბობენ მაღაროელები.

ისინი ლაივ-ჩართვაში ქვეყანაში არსებული უსამართლობის შესახებ საუბრობენ.

"სად არის სამართალი, როცა მშრომელები ელოდებიან, რომ 9 წელი მიესჯებათ და ადამიანს, რომელსაც ერთ დროს ტაშს ვუკრავდით და იმედი გვქონდა, რომ საქართველო უყვარს, ზრუნავს, აგერ რამდენი აქვს ნაჭამი. ამ ქალაქშიც ბევრი ფული ტრიალებს, მარგანეცი ძვირადღირებული წიაღირსეულია, რეალურად კი არაფერი კეთდება. დღეს, შეიძლება, ვინც ამ ქალაქში დირიჟორად არის წარმომდგენლი, მის ხელებზე ბორკილი ვნახოთ და ბევრიც მიყვეს. ზუსტად თქვენ გეშინიათ სამართლის, თქვენი ნამოქმედარის, თორემ ჩვენ, აქ ვდგავართ რეალურად მშრომელი ადამიანები. რაც გინდათ გამოიძიეთ ჩვენზე და ასევე გამოიძიეთ იმ თანამდებობის პირების ფინანსები, ვინც ამ ქალაქში რამეს წარმოადგენს, რა აქვთ ხელფასები, რა ქონებას და საიდან ფლობენ. კორუფციაში იხრჩობა ქალაქი. გეშინოდეთ სამართლის, რომელიც ურმით დადის",- ამბობენ მშრომელები.

ჭიათურელი მაღაროელები 242-ე დღეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი, 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

Print