ახალი ამბები
ქუთაისის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოები 2 ნოემბერს უნდა დასრულდეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობის დასრულების თარიღმა ისევ გადაიწია.

ტენდერში შესული მე-13 ცვლილების მიხედვით, სამუშაოები 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ვადის გაგრძელების მიზეზად, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ "ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიქმნა დამატებითი სამუშაოების წარმოების საჭიროება".



ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცის მოწყობა 3 წელზე მეტია, მიმდინარეობს. სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის თებერვალს უნდა დასრულებულიყო. როგორც წესი, ვადებში სამუშაოების შესრულება არ მოხდა. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში გადავადებაზე 6 ცვლილება (საერთოდ 13 ცვლილება) განხორციელდა. პირველი ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადად, 2023 წლის თებერვლის ნაცვლად, 2023 წლის აპრილი განისაზღვრა, მერე გასული წლის დეკემბერი, შემდეგ მიმდინარე წლის ოქტომბერი, ახლა კი ნოემბერი.

დოკუმენტში ცვლილებები არა მხოლოდ სამუშაოების გადავადებას შეეხო, არამედ ობიექტის მოწყობის ღირებულებასაც. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა 4 997 921 ლარზე. თუმცა, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ობიექტის მოსაწყობად დამატებით, კიდევ რამდენიმე ათასი ლარი მოითხოვა, რამაც საბოლოო ჯამში, 5 298 052 ლარი შეადგინა. მერიას, ამ დროისთვის, კომპანიისთვის თანხის 81% - 4 288 587 ლარი გადახდილი აქვს.

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი [NAT220012810] 2022 წლის ივლისში გამოცხადდა. სამუშაოების ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებები გახდა, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული. იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში, პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები გამოიყენა.

მუზეუმის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის მოწყობას კომპანია "ართვინ ჯორჯია" 5 298 052 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
Print