ახალი ამბები
მთავრობა "ლჯ და კომპანიის" ქონებას 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
FaceBook
მთავრობამ ქუთაისში მდებარე შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ქონების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბიემჯი" ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.

ქონების გამოსყიდვას „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უზრუნველყოფს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მართვაშია.

გამოსასყიდი ქონების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8,008,410 ლარს. 

ობიექტი მოიცავს - უძრავი ქონება: ქუთაისში, ჩხობაძის ქ. №20-ში მდებარე 11,876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 შენობა-ნაგებობა. ღირებულება – 6,319,000 ლარი.

მოძრავი ქონება: შენობებში არსებული სამედიცინო და საოფისე ინვენტარი, მათ შორის საწოლები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო მოწყობილობები და ტექნიკა. ღირებულება – არაუმეტეს 1,689,410.1 ლარი.

განკარგულების შესრულების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს არაუმეტეს 8 მილიონ 158 ათას ლარს, საიდანაც:

8.008 მლნ ლარი მიმართული იქნება ქონების შესაძენად;

150 ათასი ლარი — ობიექტის დამატებითი აღჭურვისა და რეაბილიტაციისთვის, რაც საჭიროა სავალდებულო მკურნალობის ფუნქციის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.

დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
Print