ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
ქუთაისიდან თბილისში გადატანის შედეგად, 25
თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.
როგორც ისინი „ქუთაისიპოსტთან“ აცხადებენ, გადაწყვეტილება მათთვის
მოულოდნელი იყო. თანამშრომლებს თბილისში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა,
მათი თქმით, ადმინისტრაცია საცხოვრებლის დაფინანსებას არ
უზრუნველყოფს. არსებული ხელფასით ბინის ქირაობა კი შეუძლებელია,
რადგან მათ საბანკო ვალდებულებებიც აქვთ.
„25 თანამშრომელი დარჩა ქუჩაში — არიან მცირეწლოვანი ბავშვების
მშობლები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრების
მზრუნველები. ყველას აქვს სესხი ბანკში. შესთავაზეს თბილისში
გადასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია — არც საცხოვრებელს გვიფინანსებენ და
პირობებიც ბოლომდე არ ვიცით. პარალელურად, რეორგანიზაცია მიმდინარეობს
და თუ ვინმე გადავა, შეიძლება შემდეგ ამ მიზეზით გაათავისუფლონ,“ -
ყვება სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი "ქუთაისიპოსტთან".
მათივე თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს პრემიერ-მინისტრსა და
იმერეთის გუბერნატორს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„არავინ საუბრობს იმაზე, რომ 25 ადამიანი ქუჩაში რჩება. ასე ერთ დღეში
აღმოვჩნდით ყველანი უსამსახუროდ. საუბარია 25 ოჯახზე და მათ უკან
მდგომ უამრავ ადამიანზე,“ — ამბობენ სკოლის ყოფილი თანამშრომლები.
რა ბედი ეწევათ ქუთაისში დარჩენილ თანამშრომლებს და რა შეიძლება იყოს
გამოსავალი, რომ ადამიანები არ დაზარალდნენ — ამ საკითხზე
„ქუთაისიპოსტმა“ ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა,
თუმცა, ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.
უსამსახუროდ დარჩენილი თანამშრომლების საკითხზე ოფიციალური
წერილი მოითხოვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საიდანაც
პასუხის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც
ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, ახლა მუშაობას დედაქალაქში
აგრძელებს. ქუთაისის ოთხსართულიანი კამპუსი კი ახალგაზრდობის
სააგენტოს გადაეცა.
"სკოლის ძირითადი ბენეფიციარები ცხოვრობენ ქვემო ქართლის,
სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში. შესაბამისად, სკოლის
საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული მთავარი ოფისის ქალაქ თბილისში გადმოტანა",- გვითხრეს სკოლის
ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე სკოლის უკვე ყოფილ შენობაში
ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნება და საგანმანათლებლო აქტივობები
ჩატარდება.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წლის
10 ივნისს დაარსდა.
სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს მაღალმთიან და
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები
მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და მათი საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ამავე თემაზე:
ზურაბ ჟვანიას სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი
ფუნქციონირებდა, თბილისში გადაიტანეს
მასალის გამოყენების პირობები