ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
ახლადარჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება კი
29 ოქტომბრიდან დაიწყება.
ცესკოს ცნობით, თბილისში, საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს
თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 15 ოქტომბერს გამართულ
სხდომაზე, თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები
შეაჯამა. არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმაც.
შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული
პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ 15 ოქტომბრის სხდომაზე ცნობად
მიიღო.
დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ვებგვერდზეა
გამოქვეყნებული.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი
გამოუცხადა.
საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს
ირჩევდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818
შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები