ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც
ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, ახლა მუშაობას დედაქალაქში
აგრძელებს. ქუთაისის ოთხსართულიანი კამპუსი კი ახალგაზრდობის
სააგენტოს გადაეცა.
როგორც "ქუთაისიპოსტს" სკოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ობიექტის
ქუთაისიდან თბილისში გადატანის გადაწყვეტილება, საქმიანობის უფრო
ეფექტურად განხორციელებისთვის მიიღეს.
"ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთ-ერთი
მთავარი მიმართულებაა საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები
მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და მათი საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობა. სკოლის ძირითადი ბენეფიციარები ცხოვრობენ
ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.
შესაბამისად, სკოლის საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მთავარი ოფისის ქალაქ თბილისში
გადმოტანა",- გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე სკოლის უკვე ყოფილ შენობაში
ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნება და საგანმანათლებლო აქტივობები
ჩატარდება.
"აღსანიშნავია, რომ ქუთაისის კამპუსი გადაეცა ახალგაზრდობის
სააგენტოს. შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ჩატარდება
მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები, რაც ხელს
შეუწყობს რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურებას, ქვეყნის
განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და
ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას",- განუცხადეს
"ქუთაისიპოსტს" სკოლის ადმინისტრაციაში.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005
წლის 10 ივნისს დაარსდა. სკოლის ძირითადი მიზნები და
ამოცანებია:
საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში
არსებული საკადროდეფიციტის დაძლევა;
საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ
სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის
დონის ამაღლება;
საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და
მოქალაქეობრივი განათლების დონის გაზრდა; ასევე, საჯარო სამსახურის
პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები