შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის
მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.
„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს
დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული
ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957
წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.; ასევე, წარსულში
ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს
დაბადებული რ.ა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები,
პისტოლეტები, მჭიდები, ორი ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა",-
აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები