ახალი ამბები
"ოცნების" ხელისუფლება დემონსტანტებისთვის კანონებს კიდევ ერთხელ ამკაცრებს
FaceBook
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონებს ისევ ამკაცრებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შემავალი რიგი ცვლილებები მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააცნო.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ირაკლი კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აღნიშნულ ცვლილებებამდე "ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, პროევროპული აქციები საქართველოში 300 დღეზე მეტია, იმართება.

ფოტო: არჩილ გეგენავა
Print