ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო - სამუშაოებისთვის 1 400 000 ლარამდეა განსაზღვრული
FaceBook
ქუთაისში, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე სრულად განახლდება.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, ინტერიერი, სველი წერტილები, სპორტული მოედანი და აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

როგორც მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს, უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.

სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარია განსაზღვრული.

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად მერიამ ტენდერი [NAT250014295] მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც კომპანია შპს "სანი 2020-მა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში (2026 წლის 21 იანვრის ჩათვლით) უნდა შეასრულოს.

მანამდე მერიას ტენდერი სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ჰქონდა გამოცხადებული.

ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს
Print