შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ
მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე
დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი, რომელიც მიმალვაში
იმყოფება.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ
იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი - ესენი
არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ.,
ა.ხ., კ.მ. და ს.მ..
ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი
ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ
შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების
იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის
მიზნით”, - განაცხადა შს მინისტრმა.
4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე,
225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მანამდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის,
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების
მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის
და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დააკავეს
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე
და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფოტო: არჩილ გეგენავა
მასალის გამოყენების პირობები