ახალი ამბები
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი ამომრჩევლის 22.98%-მა გააკეთა
FaceBook
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 35 139-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 22.98 პროცენტია.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, 15:00 საათისთვის, ამომრჩევლის 28% იყო მისული.

ქვეყნის მასშტაბით კი, 15:00 საათისთვის, საარჩევნო უბანზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22 პროცენტს შეადგენს. როგორც ცესკოში განმარტავენ, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც, მათი თქმით, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. ამ დროისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print