ახალი ამბები
თბილისში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
FaceBook
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციას, ისევე როგორც სხვა ქალაქებიდან, ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, დედაქალაქისკენ უკვე დაიძვრნენ.

ისინი დღევანდელ არჩევნებს როგორც ფარს, ისე აფასებენ, რომლის შედეგებიც "ოცნების" მიერ წინასწარ გაწერილია. ამიტომ მიაჩნიათ, რომ საერთო სახალხო პროტესტი არის ერთადერთი გზა, რაც სასიკეთო ცვილილებებამდე მიგვიყვანს. ჩვენი საარჩევნო ოლქი კი, მათი შეფასებით, რუსთაველის გამზირია.

როგორც "ქუთაისიპოსტთან" "სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გია თევდორაძე განმარტავს, ადამიანები დღევანდელ აქციაზე თვითორგანიზებით, საკუთარი სურვილითა და ხარჯებით მიდიან, რადგან ყველა ხვდება, რომ ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე, ამ ქვეყნის პერსპექტივა დამოკიდებულია ცვლილებაზე, რომელიც აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში სასიკეთო ძვრებს და დაგვაახლოვებს ევროპასთან.

"ვუერთდები თბილისში დაგეგმილ აქციას, მივდივარ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ჩემს ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად. ეს არის თვითორგანიზებული პროცესი, საკუთარი სურვილით, საკუთარი ხარჯებით მოდის უამრავი ადამიანი, ზოგი თავისი მანქანებით, ზოგიც ჩვეულებრივი სამარშუტო ტაქსებით (რეგულარული რესიის ავტობუსებს და მიკროავტობუსებს მოყვებიან).

ეს იქნება ერთიანობის, კონსოლიდაციის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მგონია, რომ ვისაც უნდა ამ ქვეყნის მომავალი, მშვიდობიანი გზით უნდა ვეცადოთ რუსული რეჟიმის შეცვლას",- განმარტავს გია თევდორაძე.

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გეგმავს.

ფოტო: თედო მესხი
Print