ახალი ამბები
10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 10 284-მა ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, ქალაქში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია.

კერძოდ, მისი განმარტებით, ამ დროისთვის, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე 10 284 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

"დღეს დილიდან, 77-ვე უბანი პროცედურების სრული დაცვით გაიხსნა. საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები მაქსიმალურად მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურებიან ჩვენთან მოსულ ამომრჩეველს. რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის, მოსულია 10 284 ამომრჩეველი. წინა არჩევნებზე, ამ დროისთვის, მოსული იყო 11 466 ამომრჩეველი.

ამომრჩევლები თავისუფლად აძლევენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას, შესაბამისად, შეფერხება არც ერთ უბანზე არ გვქონია. არც ისეთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, რაც ხელს შეუშლიდა პროცესებს, იმისთვის რომ წარიმართოს წარმატებულად",- განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა .

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print