ახალი ამბები
"ეკლესია ყოველთვის იყო, იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი" - საპატრიარქო
FaceBook
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება
"რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი".

"არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო", - წერია განცხადებაში, რომელსაც "ფეისბუქზე" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და აქციას აანონსებს. 

4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.




Print