ახალი ამბები
არჩევნების დღეს, "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
FaceBook
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.

"მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცეესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება, ასევე, კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი",- აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას მხოლოდ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.



Print