ახალი ამბები
ვინ დააკვირდება ხვალინდელ არჩევნებს და როგორია ცესკოს მზაობა? - გიორგი კალანდარიშვილის ბრიფინგი
FaceBook
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

"რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 32 კანდიდატი, თბილისში კი 160 კანდიდატი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

"ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, ადმინისტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპლექსური და რთული არჩევნებია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა არაერთი მასშტაბური საქმიანობა. სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება",- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 130 348 ამომრჩეველი.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.


Print