ახალი ამბები
მზია ამაღლობელის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ჟურნალისტის  ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულებას.

განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.

გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში.

6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი გადააკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.


Print