ახალი ამბები
დღეს, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას, ხარაგაულის მერი, გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, შეხვდება
FaceBook
დღეს, 30 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები.

"მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს დეტალური ინფორმაცია და დასვას კითხვები.

შეხვედრის მიზანია სპეციალისტთა რეკომენდაციების გაცნობა და მოსახლეობასთან ერთად შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მერია უზრუნველყოფს, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაწყვეტილებები პროფესიონალური ანალიზისა და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს",- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყერული პროცესების შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „გეოლოჯიქსმა“ ჩაატარა.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში თითქმის ოთხი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრული პროცესები, რაც ყოველდღიურად აუარესებს მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.

ხემაღალისა და ღვერკის ტერიტორია დაახლოებით 90 ჰექტარი მიწის ფართობია, რომელიც საცხოვრებლად და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. ახლა, მეწყრული პროცესების გამო, გამოუსადეგარი გახდა როგორც საცხოვრებლად, ასევე სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის.

ადგილობრივების განმარტებით, მეწყრული პროცესები შეუქცევადია და პროგრესირებს. ამასთან, ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში.

ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარება დაუყონებლივ საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას.
Print