ცესკო საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის
მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული
სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ
ინფორმაციას აქვეყნებს.
ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია
და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი.
თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე
პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია
მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ
წარდგენილია 4 კანდიდატი.
"რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ
რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160.
საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს
მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების
რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს
პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული
სიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ",- აღნიშნულია
ცესკოს ინფორმაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები