ახალი ამბები
"გახარია საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატის პლაკატებს "ოცნების" მერობის კანდიდატის პლაკატები გადააკრეს
FaceBook

ქუთაისში,  "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის პლაკატი გადააკრეს.


შემთხვევა ძელქვიანის სამაჟორიტარო ოლქში მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ ,,ქართული ოცნება" მათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის.

მათივე განცხადებით, ამ ქმედებით ხელისუფლება საარჩევნო კოდექსს არღვევს.

"პარტიას ,,გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების განთავსების უფლება ქუთაისში, მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე აქვს. პოლიტიკურ გაერთიანებას კამპანიის სრულყოფილად ჩატარების საშუალება არ ეძლევა",- აცხადებენ პარტიაში.

წინასაარჩევნო აგიტაციის მასალა ( პლაკატი,  ბანერი და ასე შემდეგ)  უნდა გათავსდეს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ  ნებრათვა არის გაცემული. 

სხვისი პლაკატის გადაკვრა, დაზიანება ან მოცილება აკრძალულია.

ასეთი ქმედება ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევად და შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ასევე, თუ ვინმეს მიერ ხდება პლაკატების განზრახ დაზიანება ან გადაკვრა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სხვა პარტიის ან კანდიდატის აგიტაციის ხელშეშლა, რაც კანონით პირდაპირ აკრძალულია. 

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის": "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი; „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან" - გიორგი ამაღლობელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

Print