ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" პრემიერი ირაკლი
კობახიძე ქალაქის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც
ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს
გაეცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების
შედეგად, რომლის ღირებულება 239 500 000 ლარს შეადგენს, ქუთაისის
აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსვლო
ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა კი 17-მდე
გაიზრდება.
მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ექსპლუატაციაში 2026 წელს
შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის
მიღებას შეძლებს.
ირაკლი კობახიძე ასევე გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული
სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის
საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას, პროცედურის
გამარტივებას და აეროპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას
ისახავს მიზნად.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, წლის ბოლოს გაიხსნება
ბიზნეს ლაუნჯი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარს
აღემატება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტლიდან
მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც
უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას.
“ქუთაისის აეროპორტში მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. სხვა
მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა.
დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება
დაგეგმილ ვადებში. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა
უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად
გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ყველაზე მზარდია
მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ
ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ
უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას“, -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე დაათვალიერა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა, საიდანაც
თვითმფრინავების მოძრაობის სრულ კოორდინაციას ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა
და სამიმოსვლო ბილიკებზე საქაერონავიგაციის 14 ავიამეთვალყურე
უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 17 ქვეყნის 32
მიმართულებით სრულდება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. შესაბამისად,
"ქართული ოცნების" მთავრობა ცდილობს ამომრჩევლის გულის
მოგებას.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი
ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები